Socmart logoმთავარ გვერდზე დაბრუნება

რისი გაყიდვა არ შეიძლება Socmart-ზე

ძალაშია 2026 წლის 15 ოქტომბრიდან. რედაქცია: 2026-10-15-v1.

ქვემოთ ჩამოთვლილი ნივთების გაყიდვა Socmart-ზე აკრძალულია. ზოგი მათგანი კანონითაა აკრძალული, ზოგი კი მოითხოვს ლიცენზიას ან ნებართვას, რომელიც ცალკეულ გამყიდველს არ აქვს.

ჩამონათვალი ამომწურავი არ არის. თუ ნივთი აქ არ წერია, ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ მისი გაყიდვა შეიძლება.

აკრძალული კატეგორიები

1. იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერება

ცეცხლსასროლი და გაზის იარაღი, მისი ნაწილები, ვაზნა, დენთი, ასაფეთქებელი ნივთიერება და პიროტექნიკა.

რატომ: იარაღის ბრუნვა კანონით მკაცრად რეგულირდება და მოითხოვს ნებართვას, აღრიცხვასა და მყიდველის შემოწმებას. პლატფორმა ამას ვერ უზრუნველყოფს.

2. ნარკოტიკები, პრეკურსორები და რეცეპტით გასაცემი მედიკამენტები

ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერება, მათი პრეკურსორები, ასევე ნებისმიერი მედიკამენტი, რომელიც აფთიაქში მხოლოდ ექიმის რეცეპტით გაიცემა.

რატომ: გაყიდვა კანონით აკრძალულია ან მხოლოდ ლიცენზირებულ აფთიაქს შეუძლია. არასწორი წამალი ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.

3. თამბაქო, ელექტრონული სიგარეტი და ალკოჰოლი

სიგარეტი, თამბაქოს ნაწარმი, ელექტრონული სიგარეტი, ვეიპი და მისი სითხეები, ლუდი, ღვინო და სხვა ალკოჰოლური სასმელი.

რატომ: ამ პროდუქციის გაყიდვა მოითხოვს ლიცენზიას, აქციზური მარკის კონტროლს და მყიდველის ასაკის დადასტურებას. ცალკეულ გამყიდველს ეს ლიცენზიები არ აქვს, ამიტომ პლატფორმაზე ეს კატეგორია დახურულია.

4. ბრენდის გაყალბებული ან რეპლიკა ნივთები

ორიგინალად გასაღებული ასლი, რეპლიკა, "AAA ხარისხის" ნივთი, ყალბი ლოგოთი დამზადებული პროდუქცია და ყალბი ფირმის ნიშნები ან ეტიკეტები.

რატომ: ეს არღვევს ინტელექტუალური საკუთრების უფლებას და მყიდველის მოტყუებაა.

5. მოპარული ან უკანონოდ მოპოვებული ნივთი

ნივთი, რომელზეც გამყიდველს კანონიერი უფლება არ აქვს, მათ შორის დაკარგული ან ნაპოვნი ტელეფონი და ტექნიკა.

რატომ: ასეთი ნივთის გაყიდვა დანაშაულია და მყიდველს ნივთი ჩამოერთმევა.

6. პორნოგრაფიული შინაარსი

პორნოგრაფიული მასალა, სექსუალური შინაარსის ჩანაწერები და მსგავსი მომსახურება, როგორც ნივთის, ისე ტრანსლაციის სახით.

რატომ: ეს კანონით რეგულირდება და პლატფორმის დანიშნულებას არ შეესაბამება.

7. ცოცხალი ცხოველები

ნებისმიერი ცოცხალი ცხოველი, ფრინველი, თევზი და მწერი.

რატომ: ცოცხალი არსების ტრანსპორტირება საკურიერო ამანათით მისთვის საშიშია, ზოგი სახეობის გაყიდვა კი ცალკე აკრძალვებს ექვემდებარება.

8. საშიში ქიმიური ნივთიერებები

მჟავა, შხამი, სამრეწველო ქიმია, აირის ბალონი, აალებადი და შხამიანი ნივთიერება, ასევე ისეთი აკუმულატორი ან ბატარეა, რომლის გადაზიდვაც აკრძალულია.

რატომ: ეს ნივთები საშიშია ტრანსპორტირებისას და კურიერი მათ არ იღებს.

9. პირადობის დოკუმენტები და სხვა პირზე რეგისტრირებული SIM ბარათები

პირადობის მოწმობა, პასპორტი, მართვის მოწმობა, დიპლომი, სერტიფიკატი, ოფიციალური ბლანკი და ბეჭედი, ასევე სხვა პირის სახელზე რეგისტრირებული SIM ბარათი.

რატომ: ასეთი დოკუმენტები პირადია, არ იყიდება და მათი გადაცემა თაღლითობის ინსტრუმენტია.

10. ვალუტა და ფასიანი ქაღალდები

ნაღდი ფული, ვალუტა, ფასიანი ქაღალდები, საბანკო ბარათები და ანგარიშები.

რატომ: ფულის ბრუნვა რეგულირებული სფეროა და ასეთი განცხადებები ფულის გათეთრების რისკს ქმნის.

11. გამოთხოვილი ან სახიფათო პროდუქცია

პროდუქცია, რომელიც მწარმოებელმა ან ზედამხედველმა ორგანომ ბაზრიდან გამოითხოვა, ასევე ვადაგასული ან აშკარად სახიფათო ნივთი, მათ შორის ბავშვის სათამაშო წვრილი, ადვილად მოსაძრობი ნაწილებით.

რატომ: ეს ნივთები მომხმარებლის ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის.

12. ნივთი, რომელიც სავალდებულო სერტიფიკატს მოითხოვს და გამყიდველს ის არ აქვს

მაგალითად, სამედიცინო დანიშნულების ნივთი, საბავშვო ავტოსავარძელი, ელექტრო მოწყობილობა, რომელსაც შესაბამისობის დოკუმენტი სჭირდება.

რატომ: სერტიფიკატის გარეშე ვერ დასტურდება, რომ ნივთი უსაფრთხოა. Socmart-ს შეუძლია დოკუმენტი მოგთხოვოთ.

13. საკვები პროდუქტი

ნებისმიერი საკვები და სასმელი, მათ შორის სახლში დამზადებული ნაწარმი. გამონაკლისი არ არსებობს, რეგისტრირებული ბიზნესოპერატორისთვისაც.

რატომ: სურსათის უვნებლობა ცალკე რეგულირდება და მალფუჭებადი პროდუქტის ტრანსპორტირება რისკიანია. Socmart-ზე საკვების კატეგორია დახურულია.

14. ყველაფერი, რისი გაყიდვაც საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულია

თუ რომელიმე ნივთის ან მომსახურების გაყიდვას კანონი კრძალავს ან სპეციალურ ნებართვას მოითხოვს, ის Socmart-ზეც აკრძალულია, მაშინაც კი, თუ ზემოთ ცალკე არ არის ჩამოთვლილი.

შეზღუდული კატეგორიები

ეს ნივთები სრულად აკრძალული არ არის, მაგრამ პირობებს ექვემდებარება.

ნახმარი კოსმეტიკა და პარფიუმერია

გახსნილი ან უკვე გამოყენებული კოსმეტიკა და პარფიუმი არ იყიდება: ეს ჰიგიენური რისკია. დალუქული და გამოუყენებელი პროდუქტის გაყიდვა დაშვებულია, ვადის მითითებით.

გაითვალისწინეთ: ჰიგიენური მიზნით დალუქული ნივთი ლუქის გახსნის შემდეგ დაბრუნებას აღარ ექვემდებარება. ეს კანონით დადგენილი გამონაკლისია და დაწვრილებით დაბრუნების და თანხის დაბრუნების პოლიტიკაშია აღწერილი.

რა ხდება წესების დარღვევისას

Socmart-ს შეუძლია ნებისმიერი განცხადება წაშალოს, დამალოს ან გამოქვეყნებაზე უარი თქვას, წინასწარი გაფრთხილების გარეშე.

წესების განმეორებით დარღვევისას ანგარიში შეიძლება შეჩერდეს ან წაიშალოს, ხოლო გატანის პროცესში მყოფი თანხა შეჩერდეს გარემოებების გარკვევამდე.

სერიოზული დარღვევის შემთხვევაში ვაცნობებთ შესაბამის უწყებას.

განცხადების შინაარსზე და გაყიდული ნივთის კანონიერებაზე სამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება გამყიდველს.

თუ არ ხართ დარწმუნებული, დასაშვებია თუ არა თქვენი ნივთი, დაგვიკითხეთ გაყიდვამდე ელფოსტაზე . თუ ხედავთ განცხადებას, რომელიც მოპარული, ყალბი ან აკრძალული ნივთია, შეგვატყობინეთ იმავე მისამართზე განცხადების ბმულით.

იხილეთ ასევე: მომხმარებლის წესები და პირობები, გამყიდველის (მოვაჭრის) პოლიტიკა.